ცეკვა ქართული
ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
ბაღდადური
ბაღდადური- ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8
განდაგანა
აჭარული წარმოშობის ცეკვა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
დავლური
დავლური- განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მ.ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დ.არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.
სამაია
ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).
ხორუმი
ხორუმი - საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რაგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
ხევსურული
ხევსურული - მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. თუმცაღა როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, გასაოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება უდიდეს ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.
კინტოური
კინტოური - ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.
ფარცა
No comments:
Post a Comment