ბიოგრაფია
ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1917 წლიდან განაგრძო შრომის მე–2 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან – ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი. 1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემოქმედია.
1932 წელს ილიკო სუხიშვილი სტაჟირებაზე იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში, ცნობილ ბალეტმეისტერ გოლეიზოვსკისთან. იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის “დემონი”, გლინკას “რუსლან და ლუდმილა”, პროკოფიევის ბალეტი “კუზიანი კვიცი”) და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ფესტივალის ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი დაიმსახურა.
1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერსა” და “დაისში” (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის “ქეთო და კოტეში” (კიევი).
1939–1941 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის წითელდროშოვანი ანსამბლის (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი) სოლისტი და გამოდიოდა ინგლისში, ნორვეგიასა და შვეციაში. მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი “კავკასიელი ტყვე” (კიევი).
ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როცა მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს (1950 წლიდან აკადემიური). 1954 წლამდე ილიკო სუხიშვილი იყო ამ ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე. ანსამბლმა მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს. იგი ხიბლავდა მაყურებელს დახვეწილი პლასტიკით, სიმსუბუქითა და ტემპერამენტით. მან აღადგინა და დადგა არაერთი ხალხური ცეკვა, შთამომავლობას შეუნარჩუნა ამ ცეკვების განუმეორებული ხიბლი. მისი ღვაწლი სამამულო ქორეოგრაფიაში ფასდაუდებელია. მისი საუკეთესო დადგმებია: “ფარცა”, “ხორუმი”, “ქართული”, “ყაზბეგური”, “ხანჯლური”, “ხევსურული”, “ქაჯეთის ციხის აღება” (ვეფხისტყაოსნის მიხედვით) და მრავალი სხვა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ხელოვანმა, ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
1949 მიენიჭა სტალინური პრემია, 1973 წელს, ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის, “საპატიო ნიშნის”, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
გარადაიცვალა 1985 წლის 24 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ნინო შალვას ასული რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.
1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილთან ერთად) მან ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
ნინო რამიშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონურობა. იგი ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: “ჯეირანი”, “მუხამბაზი”, “მთიულური”, “სამაია” და მარავალი სხვა. მისი დადგმები გამოირჩევა გრაფიკული სიზუსტით, პლასტიკის სკულპტურული გამომხატველობით. საცეკვაო ფოლკლორის უხვად გამოყენებით.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.
1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილთან ერთად) მან ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
ნინო რამიშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონურობა. იგი ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: “ჯეირანი”, “მუხამბაზი”, “მთიულური”, “სამაია” და მარავალი სხვა. მისი დადგმები გამოირჩევა გრაფიკული სიზუსტით, პლასტიკის სკულპტურული გამომხატველობით. საცეკვაო ფოლკლორის უხვად გამოყენებით.
1949 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1952 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1936 წელს _ სსრკ სახალხო არტისტისა, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. 1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1981 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ნინო რამიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის სექტემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
No comments:
Post a Comment