ქართული ცეკვის ისტორია
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება. მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით. წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: ,,ქართული’’, ”განდაგანა”, ,,ხორუმი’’, ,,ფერხულ-ორსართულა’’, ,,სამაია’’, ,,ხანჯლური’’, ,,მთიულური’’, ,, მთიულური დავლური’’, ”ბაღდადური” და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ( ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ.ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment