Wednesday, November 14, 2012

ხალხური ცეკვის კორიფეები


                                                   

 ილიკო სუხიშვილი-დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1917 წლიდან განაგრძო შრომის მე–2 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან – ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი. 1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემოქმედია.

   ნინო შალვას ასული რამიშვილი-დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში. 
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.
                              
                                             

Tuesday, November 13, 2012

თანამედროვე ქართული ბალეტი


    ქართული ცეკვა და ფოლკლორი დღესაც არ კარგავს აქტუალობას,ანსამბლები ამისთვის სხვა და სხვა ხერხებს მიმართავენ,ზოგი თეატრალიზებულ შოუს აწყობს ზოგი საკლუბო ვერსიებს ქმნის ასევე ქართულ საკრავებთან ერთად გამოიყენება უცხოური საკრავებიც.ვის რომელი მოსწონს კონკრეტული ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
  პირველი ვინც ქართული ცეკვის საკლუბო ვარიანტი შექმნა,სუხიშვილები იყო.მიუხედავად იმისა რომ ცეკვაში შეტანილი მრავალფეროვნების გამო აზრთა მრავალფეროვნება გამოიწვიეს,მაყურებლის ნაკლებობას მაინც არ განიცდიან.

                           
                                          
                                          

ქართული ცეკვის ხასიათი


                                                         ცეკვა ქართული 

  

   ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვა.


                                                       ხორუმი

   ხორუმი - საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რაგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

                                       

კინტოური

     კინტოური - ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.




                                          

ქართული ცეკვის ისტორია


 ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო-პანტომიმა - ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’.